- InformNapalm.org (ქართული) - https://informnapalm.org/ge -

„აღმოსავლეთის ტრანზიტი“ – საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრხის წინაშე

„სატრანსპორტო დერეფნები რუსეთის ფედერაციიდან ახლო აღმოსავლეთში – როგორ მიაწვდის იარაღს რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას თურქეთთან ინციდენტის შემდეგ“ , – ამ სათაურით, 29 ნოემბერს, გამოქვეყნდა პუბლიკაცია რუსულ საინფორმაციო პორტალზე  lenta.ru. სტატიაში მოცემულია სავარაუდო სატრანზიტო დერეფნების განლაგება და სრულადაა იგნორირებული სატრანზიტო სახელმწიფოების მოსაზრება და პოზიცია. შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს:

original_69c8941cb96b78e60478db38f423d5fc [2]

აღმოსავლეთის მარშრუტი  დერეფნისა „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ნეიტრალური თურქმენეთის ტერიტორიაზე გადის, რომელიც არავის მისცემს უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების გატარებისა.

ირანს სავსებით აწყობს მარშრუტი, რომელიც  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. რაც შეეხება  საქართველოს, ქართული  მარშრუტები დაბლოკილია რუსეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტის გამო. ამასთან, 2016 წლის შემოდგომაზე, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ტარდება  და სახელისუფლო სტრუქტურებში ცვლილებებმა, შესაძლებელია, სატრანზიტო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობები გააჩინოს“.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ეჭვქვეშ დავაყენოთ პროვოკაციული მომენტების შემცველი პუბლიკაციის ავტორის კომპეტენცია, მაგრამ შეშფოთების საბაბი ნამდვილად არსებობს. მისი დასკვნები ხომ ფაქტებსა და კრემლის წყაროების ინფორმაციებზე დაყრდნობით კეთდება, რომლებიც უკვე თამამად ხატავენ სატრანზიტო სქემებს, მათ შორის საქართველოს გავლითაც.

ამასთან დაკავშირებით, საჭიროა გავიხსენოთ გავრცელებული  ხმები იმის შესახებ, რომ  მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები რუსეთიდან სომხეთში სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის შესახებ, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთზე (საქართველოზე), უნდა გაიაროს და რომლის ნაწილობრივი აღდგენითი სამუშაოები სარკინიგზო ჯარებმა [3]  უკვე ჩაატარეს.

„აბაშიძე-კარასინის“ ფორმატში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების უკანასკნელი სიახლეებიდან მიღებული მესიჯით, რუსეთი მზადაა გაამარტივოს საქართველოსთან ის სავიზო რეჟიმი [4], რომელიც, დაახლოებით 10 წლის წინ, ცალმხრივად, თავადვე დააწესა. ამ ყველაფერს დავუმატოთ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის იდუმალებით მოცული მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ [5], რომლის შედეგებიც  საქართველოს რუსეთის ექსპანსიით ემუქრება.

საქართველო-რუსეთის ფედერაციის ყველა კონტაქტი ბუნდოვანია, რადგან ინფორმაციას ზემოაღნიშნული სიახლეების შესახებ, საზოგადოება ან მესამე წყაროებიდან იღებს, ან გაჟღერებულია რუსული მხარის მიერ, რის შემდეგაც ქართველ პოლიტიკოსებს უწევთ ამა თუ იმ ფაქტის აღიარება და მტკიცება იმისა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ ხდება და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.

არც ა.წ. თებერვალ-მარტის მოვლენების დავიწყება ღირს, როცა საქართველოში, კერძოდ,  თბილისში და იმავდროულად სხვა რეგიონებშიც, ამოუცნობი მოსიარულე ობიექტები [6] დაფიქსირდა – „ტრანზიტული და ჩამოწერილი“ რუსული სამხედრო სატვირთოების სახით. საღადმოაზროვნე ქართველები მიიჩნევენ, რომ ეს იყო ტესტი ანუ მსგავს ქმედებებზე მოსახლეობის რეაქციის შემოწმება. საგულისხმოა, რომ მას შემდეგ დაფიქსირდა საზოგადოებრივი აზრის შემოწმებისა და მოსინჯვის სხვა მცდელობებიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან.

თუ ამ ფაქტორებს დავუმატებთ რუსეთის საზღვაო ფლოტისთვის [7] თურქეთის სრუტეების ჩაკეტვის [8] შესაძლებლობას, მაშინ ტრანზიტის ზემოაღნიშნული სქემა რეალური ხდება და შეშფოთების მიზეზიც იზრდება. მითუმეტეს ინფრასტრუქტურულ-ტექნიკური და სამხედრო კუთხით, რუსეთი მზადაა საკუთარი სატრანზიტო ჩანაფიქრი განახორციელოს.

ახლა საქართველოს ჯერია, რომელიც ვალდებულია გამოავლინოს პრინციპულობა,  სიმტკიცე და არავითარ შემთხვევაში არ დანებდეს,  არ მოტყუვდეს რუსული „თაფლაკვერის“ პოლიტიკით. სკეპტიკოსები იტყვიან, რომ უფრო იაფი და უსაფრთხოა კასპიის ზღვით სამხედრო ტვირთების ბორნებით გადატანა, მაგრამ მაშინ რუსეთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული დაბანდებები აზრს კარგავს – ის ხომ მიმართული იყო საქართველოს მარშრუტზე და მასზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი კარგავს შესაძლებლობას, რეალიზაცია გაუკეთოს საკუთარი ჩანაფიქრის ერთ-ერთ პუნქტს – ჩაყლაპოს საქართველო. არ შეიძლება დავუშვათ არათუ რაიმე სახის რუსული ტრანზიტი, არამედ ამ თემაზე ვაჭრობაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ავტომატურად იქნება ჩათრეული ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტში და რუსული ჩექმის ქვეშ ამოყოფს თავს.

დიახ, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა თავხედური, პროვოკაციული ნაბიჯი გადადგას – არ მოერიდოს არც სამხედრო კომპონენტების გამოყენებას და  დერეფანი გაჭრას სომხეთში. სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით, ახლა, როგორც არასდროს, ქართველებს სჭირდებათ გამბედაობა, ერთიანობა და მტკიცე ნება, დროებით დავიწყება შიდაპოლიტიკური შუღლისა. საქართველო იმიტომაცაა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმისათვის ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომ მსაგავსი ტიპის მუქარებსა და საფრთხეებზე ოპერატიული რეაგირება მოახდინოს.

და თუ ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მტერს გავუმკლავდებით, რადგან ამ ბრძოლაში მარტონი არ ვიქნებით. ხოლო თუ „წითელ ხალიჩას“ გავუფენთ რუსულ ტრანზიტს, საქართველოს დამოუკიდებლობა იქვე დამთავრდება!


 

ირაკლი კომახიძე  [9]

ჩანაწერი ქართულ ენაზე ნათარგმნია InformNapalm [10]–ის  და რადიო  “აფხაზეთის ხმის [11]” მეგობრების, ქართველი ვოლონტიორების მიერ