
საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, კრემლი საქართველოში ე.წ. მუხეთე კოლონის გააქტიურებისა და გაფართოვებისთვის იყენებს. წინა წლებისგან განსხვავებით, რუსეთის ე.წ. მუხეთე კოლონა აღარ არის აბსტრაქტული – მათი წარმომადგენლები არამხოლოდ ფარულ დესტრუქციულ საქმიანობას ეწევიან, არამედ წამყვანი ტელევიზიებისა და გაზეთების მეშვეობით ახორციელებენ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, რომელთა მიზნებიც ცხადზე ცხადია – საქართველოს მოსახლეობის დაშინება და რუსეთის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის რეალური და უმთავრესი საფრთხის ჩანაცვლება, გაზვიადებული და ხშირ შემთხვევაში, გამოგონილი „საფრთხეებით“. კრემლის ამოცანა მკაფიოა – თბილისის იძულება მოსკოვთან თანამშრომლობისთვის, ანუ რუსეთი აცნობიერებს, რომ საქართველოს ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს „ახალი რეალობების“ აღიარებას და რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოვებას, ამისთვის საჭიროა ძლიერი ბიძგის მიცემა და შესაბამისად, კრემლს წინა პლანზე გამოყავს ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენელი „ექსპერტები“, რომლებიც ახალ-ახალი „სენსაციური ინფორმაციების“ გავრცელებით მოსკოვს საკუთარი ამოცანის გადაწყვეტაში ეხმარებიან.
მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა „ექსპერტი“ ვახტანგ მაისაია, რომელიც ცნობილია გადამეტებული ამბიციებითა და ფულის სიყვარულით. ამჯერად, მაისაია საკუთარ თავს ტერორიზმის საკითხებში ექსპერტს უწოდებს და პერიოდულად სენსაციურ ინფორმაციებს ავრცელებს „ისლამურ სახელმწიფო”–სთან დაახლოვებული წყაროების საშუალებით. მათ შორის, გაზეთ „რეზონანსისთვის“ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში მაისაია ამბობს: „ისლამურ სახალიფოში შეიქმნა სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, რომელშიც 600-700 მებრძოლი შედის. ძირითადად საზღვარგარეთის მოქალაქეები არიან შერჩეული, რათა მათი სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილება უფრო ადვილი იყოს. 600-700 ადამიანი საკმაოდ სერიოზული ძალაა… შეიქმნა ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ცენტრი და ეს ბრიგადაც ამ ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა… რაზმის ინტერესის არეალი საქართველო და ჩრდილოეთ კავკასიაა“. ინფორმაცია რა თქმა უნდა სენსაციურია, თუმცა რა ფაქტებით ადასტურებს მაისია მის სინამდვილეს? არაფრით, სრულიად არაფრით. გარდა ამისა, მაისაიას ინფორმაცია არავითარ ლოგიკაში კი არ ჯდება. მიმდინარე ეტაპზე „ისლამური სახელმწიფო“ სერიოზულად არის დასუსტებული და პოზიციებს ყოველდღიურად კარგავს უშუალოდ სირიაში და ერაყში, რის გამოც მას არ შესწევს ახალი რაზმის ჩამოყალიბების ძალა, მითუმეტეს, საქართველოსთვის და ჩრდილოეთ კავკასიისთვის, რადგან რეგიონი არ წარმოადგენს მის უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებას.
თუმცა, ზუსტი ინფორმაციის გავრცელება არც ყოფილა მაისაიას მიზანი. მან მასზე დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა – კიდევ ერთხელ წამოწია საქართველოში ფაქტობრივად არარსებული ტერორიზმის საფრთხე და რბილად რომ ვთქვათ, რუსეთს სალაპარაკო თემა მისცა. მაისაიას „სენსაციურ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით რუსულ საინფორმაციო პორტალზე „სვობოდნაია პრესა“ გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, სათაურით – „ისლამური სახელმწიფოს სპეცრაზმი უტევს საქართველოს გავლით“. თემა რა თქმა უნდა აიტაცეს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფმა, ინგლისურენოვანმა პორტალებმაც, რომელთაც საკითხი კიდევ უფრო რადიკალურად წარმოაჩინეს. მათ შორის, ერთ-ერთ ვებგვერდზე სტატია გამოჩნდა შემდეგი სათაურით – „საქართველო – სატრანზიტო კორიდორი ისლამური სახელმწიფოსთვის?“. მაისაიას გარდა, რუსულმა მედიასაშუალებებმა თემის წამოსაწევად სხვა ქართველი „ექსპერტების“ განცხადებებიც მოიშველიეს. მათ შორის, მამუკა არეშიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში უკვე მოქმედებენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებები. გარდა ამისა, რუსულმა მედიასაშუალებებმა ფაქტის სახით მოიყვანეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის დავით ნემსაძის „ბოდვა-ვარაუდი“, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მსახურობენ. ნემსაძე, რომელიც ქართული არმიიდან არასაწესდებო ქცევის გამო გააგდეს, ცდილობს სენსაციური განცხადებებით მიიპყროს საზოგადოების ყურადღება. ნემსაძეს საკუთარი „ბოდვის“ გავრცელებაში დაეხმარა ვინმე იოსებ ზაალიშვილი, რომელიც საკუთარ თავს ახლო აღმოსავლეთისა და ტერორიზმის საკითხებში ექსპერტს უწოდებს და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, რომელიც კვლავ „სამართლიანობის აღდგენისთვის“ იბრძვის.
შედეგად, რუსულმა მედიასაშუალებებმა წარმატებით მოახდინეს პანკისის ხეობის „პრობლემის“ წინა პლანზე წამოწევა და კიდევ ერთხელ შეეცადნენ დაემტკიცებინათ, რომ საქართველოში რეალურად არსებობს ტერორიზმის საფრთხე. იმის ნაცვლად, რომ რუსეთმა საკუთარ ჩრდილოეთ კავკასიას მიხედოს, სადაც ყოველდღიურად იზრდება ტერორისტული აქტივობა, აქცენტს აკეთებს პანკისის ხეობაზე და ცდილობს რეგიონის ტერორიზმის კერად წარმოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში რუსი ჟურნალისტების არაერთი მოგზაურობა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, რუსეთისთვის ეს დაბრკოლებას საერთოდ არ წარმოადგენს – მოსკოვმა საინფორმაციო სივრცეში მაინც წამოწია „საქართველოდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხე“, რისთვისაც არამხოლოდ ქართველ ე.წ. ექსპერტ-ჟურნალისტებს იყენებს, არამედ პერიოდულად ამ თემაზე განცხადებებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მაღალჩინოსნები“ და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებიც აკეთებენ. აღნიშნული საინფორმაციო კამპანიის მიზანი რამდენიმე დღის წინ ღიად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, რომელმაც საქართველოს „პირველ არხთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრემლს სურს საქართველოსთან ტერორიზმის საკითხში თანამშრომლობა. დამატებით, კარასინმა იმავე დღეს, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართულ მოლაპარაკებებზეც წამოჭრა ეს საკითხი, რაც ქართული მხარისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფორმატი მსგავსი თემების განხილვას არ ითვალისწინებს.
რუსეთის მიზანი აშკარაა – ერთი მხრივ, საქართველოსთვის უმთავრეს საფრთხედ ტერორიზმის წარმოჩენა და ქვეყნის მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავება, რათა ოფიციალური თბილისი იძულებული გახდეს დაიწყოს მოსკოვთან თანამშრომლობა. მეორე მხრივ, მოსკოვი ცდილობს საქართველოს დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი აგრესიული ნაბიჯების „ლეგიტიმაცია“ სწორედ ტერორიზმთან ბრძოლად მონათლოს. კრემლს საკუთარი ამოცანების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება საქართველოში გააქტიურებული ე.წ. მეხუთე კოლონა, რომელიც უკვე ღიად ეწევა დესტრუქციულ საქმიანობას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი „შვებულებაშია“.
ავტორი ალექსანდრე ლომსაძე
იხილე თემატური პუბლიკაცია რუსეთის საყრდენი საქართველოში
(CC BY) InformNapalm.org
No Responses to “ქართველი „ექსპერტები“ რუსეთის სამსახურში”