2016 წლის ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართული საზოგადოება საინტერესო მოვლენების მომსწრე ხდება, მათ შორის ფიქსირდება ე.წ. ,,რუსული წესრიგის” ადგილობრივი მიმდევრების განსაკუთრებული აქტიურობა. ასევე, იმ რუსული ძალების თვითლუსტრაცია, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩრდილში იმყოფებოდნენ. აღნიშნული მიმოხილვის მიზანი არ არის, გაანალიზოს საქართველოში არსებული, საპარლამენტო ამბიციების მქონე პოლიტიკური პარტიების სრული სპექტრის საქმიანობა. სტატიაში განხილულია ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მისი თანამოაზრეები – გაერთიანებები, რომლებიც კრემლის ფავორიტებად ითვლებიან და რუსეთიდან ფინანსდებიან.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შიდაპოლიტიკური ვითარება საქართველოში არსებითად შეიცვალა. საპარლამენტო უმრავლესობა კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა. კოალიცია შედგება დამოუკიდებელი პარლამენტარებისა და სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგარი პარტიებისაგან, რომელიც გაერთიანებული ფრონტით დაუპირისპირდა მმართველ პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობას”. ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ გამოაცხადა ამნისტია, რომელიც შეეხო არამხოლოდ ასობით კრიმინალს, არამედ რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟსა და სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულ პირებს. დაიწყო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგების პოლიტიკა, თუმცა 4 წლის განმავლობაში კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის უამრავი მცდელობის მიუხედავად (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების გათვალისწინებით) , რაიმე რეალური შედეგი არ გამოიღო. რუსეთი კვლავ რჩება ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელიც საქართველოს ორ რეგიონს აკონტროლებს და აგრძელებს ე.წ. ,,მცოცავ ოკუპაციას” – იტაცებს საზღვრებსა და მიწებს, აცალკევებს სოფლებსა და ოჯახებს, იტაცებს და კლავს საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს.
,,შერიგების” პოლიტიკის ფონზე შესამჩნევად გაძლიერდა პრორუსული ორგანიზაციებისა და ,,რუსული წესრიგის” მომხრეების საინფორმაციო-პროპაგანდისტული აქტიურობა, რაც პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ხორციელდება. მათ შორის:
საპარლამენტო ძალებიდან
- აქტიური საპარლამენტო ძალებიდან აღსანიშნავია მოქმედი საპარლამენტო ფრაქცია ,,მრეწველები”: პირები გაურკვეველი წარსულით, რომელთაც ქონება გასული საუკუნის 90-იანი წლების ქაოსისა და განუკითხაობის პერიოდში დააგროვეს. მრეწველების ლიდერია მელუდე, სტალინიზმის თაყვანისმცემელი და ანტიდასავლელი – თოფაძე.
- მოქმედი პარლამენტარი მეჭიაური, ცნობილი თავისი რადიკალური ანტიდასავლური განცხადებებით, რომელსაც ,,ქართული ოცნების” თანაგუნდელებიც კი გაემიჯნენ, ახალ პრორუსულ პარტიას ,,ერთიანი საქართველოსათვის” ქმნის. პარტია აერთიანებს შევარდნაძის ეპოქის კორუმპირებულ პირებს, მათ შორის მოსკოვში გაქცეულ ყოფილ გუბერნატორ მამალაძეს.
არასაპარლამენტო ძალებიდან
- ,,პატრიოტთა ალიანსი” აერთიანებს 5 პარტიას და 90-იანი წლების შევარდნაძის ეპოქის თაყვანისცემლებს. ,,პატრიოტების ალიანსში” გაწევრიანებულია ბევრი ახალი სახე – პროვოკატორები და დემაგოგები, რომლებმაც პიარი 2012 წლის საპარლამენტო თამაშებისას გაიკეთეს. პარტიას ინტრიგანი ინაშვილი მეთაურობს.
- ახლადშექმნილი პოლიტიკური გაერთიანება ,,ცენტრისტები”, რომლებიც ამომრჩევლებს ,,რუსულ პენსიებს, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას” პირდება. ,,ცენტრისტების” წამყვანი სახე არის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, კრიმინალური დაჯგუფება ,,მხედრიონის” წევრი, ტერორიზმისათვის მსჯავრდებული – ხაჩიშვილი და ,,ციხის კადრების” მთავარი ოპერატორი – მოძალადე-სადისტი ბედუკაძე.
- ,,დემოკრატიული მოძრაობა –,ერთიანი საქართველოსათვის” – ნინო ბურჯანაძის პარტია, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს პრორუსულ მიმართულებას და აქვს ამბიცია დაუბრუნდეს სახელმწიფოს მართვას.
ზემოხსენებული პარტიებისა და პოლიტიკური გაერთიანებების გარდა, რომლებიც მზად არიან კრემლის ინტერესები გაატარონ, არსებობენ ნაკლებად ამბიციური, თუმცა მკაფიოდ პრორუსი ძალები. პირველ რიგში ესენი არიან: დუგინის ადგილობრივი ფავორიტი გაერთიანება ,,ევრაზიული არჩევანის” ლიდერ-კლოუნი არჩილ ჭყოიძე და ,,სოციალისტი” ვალერი კვარაცხელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ იპოვა ახალი ჩრდილოელი სპონსორი და მასპინძლობდა რუსეთის ფედერაციიდან სტუმრებს, მათ შორის დუმის დეპუტატს ვლადიმირ სიმაგინს.
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ადგილობრივი რუსული დიასპორის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აქტივობაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა. თბილისში რუსული კულტურის პირობით ცენტრად ითვლება გრიბოედოვის თეატრი ნიკოლაი სვენტიცკის ხელმძღვანელობით. თეატრში მდებარეობს ,,РИА Новости“-ის წარმომადგენლობის ოფისი, სადაც პერიოდულად ტარდება სხვადასხვა მარგინალების შეკრებები (მაგალითად ,,ევრაზიული არჩევანი” და ,,ერეკლე მეორის საზოგადოება”).
თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, საერთაშორისო საგანმანათლებლო-კულტურული კავშირის ,,რუსული კლუბის” პრეზიდენტი, მეგობრობის ორდენის კავალერი – სვენტიცკი ითვლება რუსი თანამემამულეების საერთაშორისო საბჭოს პრეზიდიუმის წევრად (МСРС) . სხვათაშორის, გარდა ბატონი სვენტიცკისა აღნიშნულ ძირგამომთხრელ ორგანიზაციასთან (იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეურვეობაში) კავშირი აქვს ,,მიროტვორეც”-ის საიტის ორ ,,კლიენტს”, რომლებიც საერთაშორისო მასშატაბით მავნებლური საქმიანობით არიან დაკავებული. საუბარია МСРС-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვადიმ კალესნიჩენკოსა და მოადგილე სერგეი ცეკოვზე.
ცალკე უნდა გამოიყოს ,,საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი” СРМГ და ,,რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრი” ЦПЗРСГ . აღნიშნულ ორგანიზაციებს გააჩნიათ საერთო ემბლემა და ხელმძღვანელი ალექსანდრ ბეჟენცევი.
შენიშვნა: პროექტი ЦПЗРСГ შექმნილია ,,უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდის’’ თანამონაწილეობით. თავად ფონდი შექმნილია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა სერგეი ლავროვი, ხოლო მისი მოადგილე გრიგორი კარასინი არის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. ЦПЗ-ს ზოგიერთი პროექტი ფინანსდება ფონდ ,,რუსკი მირ”-ის მიერ. ბუნებრივია აღნიშნული ფონდი ისეთი პირების მიერ კონტროლდება, როგორიცაა სერგეი ლავროვი, ფურსენკო და სხვები.
თუ ბეჟენცევისა და მისი დაუღალავი თანამებრძოლის დიმიტრი ბრეგვაძის აქტივობებით ვიმსჯელებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ კარგად ,,კვებავს’’ (შესაძლებელია, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო). ბეჟენცევი საკმაოდ ხშირად იმყოფება რუსეთში და უყვარს კამერის წინ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენელთან ვადიმ გორელოვის კამპანიაში პოზიორობა.
რუსი დიპლომატი გორელოვი არ უშვებს არც ერთ შანსს და ესწრება როგორც ბეჟენცევის ასევე რუსული დიასპორის სხვა ორგანიზაციების ღონისძიებებს.
ფოტოზე: მარცხნიდან მარჯვნივ – დიმიტრი ბრეგვაძე და ალექსანდერ ბეჟენცევი (СРМГ / ЦПЗРСГ), ვადიმ გორელოვი (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო).
საქართველოში ახალი შექმნილი რუსული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია ,,საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭო” – КСОРСГ , რომლის თავმჯდომარეა ვინმე გიორგი ტომაში. ტომაში თანამშრომლობს ზემოხსნებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. საკოორდინაციო საბჭო იმით არის ცნობილი, რომ ატარებს კონფერენციებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ჰიმნით იხსნება, აღნიშნავს რუსეთის დღეს და ა.შ. მისი პირადი სტუმრები არიან ალექსანდერ ბეჟენცევი, ვადიმ გორელოვი, ასევე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებული ვინმე ლიკა ზახაროვა და მიხაილ ტატევოსოვი, რომელიც ,,სომხების კავშირიდან” უფრო შემოსავლიან საქმეში გადმოიბირეს.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი რუსული ორგანიზაციები სრულად გამოეყო ქართულ სამოქალაქო სექტორს და არ აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი პრაქტიკულად მთლიანად უარყოფენ ქართულ სახელმწიფოებრივ დღესასწაულებს როგორიცაა 9 აპრილი (თბილისში 1989 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა), 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ა.შ. ისინი არც რუსული ,,მცოცავი ოკუპაციის’’ წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებენ მონაწილეობას და არც ოკუპანტების მიერ ადამიანების გატაცებასა თუ მკვლელობას აპროტესტებენ. როდესაც აგრესორი სახელმწიფო მეგობრობასა და ხალხთა შორის დიპლომატიაზე საუბრობს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს. ამასთანავე ნახსნები ორგანიზაციის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა და საქართველოში ცხოვრობს.
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ ღვთისმსახურებს შორის მრავლად არიან ,,ერთმორწმუნე, მართლმადიდებელ” ეკლესიასთან უფრო ზუსტად კი რუსეთთან მეგობრობის მომხრეები. ზოგიერთი ქართველი სასულიერო პირი საჯაროდ გამოხატავს სიძულვილს ყველაფერი დასავლურის წინააღმდეგ და ამის ფონზე რუს ხალხთან მეგობრული ურთიერთობების დალაგების საჭიროებაზე საუბრობს. ზოგიერთი სასულიერო პირი ხშირად გამოდის თავისი კომპეტენციის ფარგლებიდან და მიდის ღია პროვოკაციაზეც კი. ამის კარგი მაგალითია ახლახანს ჩაშლილი საერთაშორისო როკ-ფესტივალი, ასევე სიახლე საჩხერის სამხედრო სამთო-სამაშვეელო მომზადების ცენტრის კუთვნილი ტერიტორიის მონასტრისათვის გადაცემის მცდელობის შესახებ. ზოგიერთი კონსერვატორი სასულიერო პირი არ ერიდება ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ფოტოების გადაღებასაც კი.
ფოტოზე: ვადიმ გორელოვი (რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო.), მიტროპოლიტი სერაფიმე (ბოროჯომ-ბაკურიანის ეპარქიიდან), ნიკოლაი სვენტიცკი (რუსული კლუბი)
ზემოხსნებული ფონი საქართველოში განპირობებულია რუსეთის პროპაგანდის დაუბრკოლებელი და საჯარო აქტივობებით. საკაბელო ქსელებში არსებული რუსული ტელეარხები, ადგილობრივი ერთკამერიანი სტუდიური არხები როგორიცა ,,ობიექტივი” და საინფორმაციო სააგენტო ,,საქინფორმი” თამაშობენ საკუთარი წესებით, არ ერიდებათ დააფიქსირონ რუსული პოზიცია, აშუქებენ მოვლენებს რუსეთის ფედერაციისათვის სასარგებლო კონტექსტში. მთავარი გზავნილია ფაშიზმის აღორძინება, ნაცისტები, რუსული ენის აკრძალვა. შედეგი – მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით პირდაპირი თუ ფარულ–ჰიბრიდული აგრესიისთვის ნიადაგის მომზადება, რაზეც უკრაინის მაგალითი ცხადყობს.
რა ხდება ამ დროს საქართველოში? თბილისში გამოჩნდა მრავალი მცირერიცხოვანი ულტრანაციონალისტური დაჯგუფება, ფეხბურთის ფანები და ა.შ. ისინი არც თუ ისე ბევრი არიან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არანაირ როლს არ თამაშობენ. თუმცა რუსული მედიისთვის ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეს ფაქტები გაზვიადებისა და დეზინფორმაციის საბაბად ექცია. როგორც ნათქვამია სათაურებს დიდი ძალა აქვს. მაგალითად რუსულმა საინფორმაციო გამომცემლობა აქვეყნებდა სტატიებს შემდეგი სათაურით: ,,ხორცის მოყვარული ნეონაცისტები თბილისის ვეგეტარიანულ კაფეს მწვადებით დაესხნენ თავს”. საბოლოოდ გამოირკვა, რომ ნაციონალისტებს არანაირი კავშირი არ ქონიათ აღნიშნულ დარბევასთან, თუმცა ნუთუ ,,РИА Новости’’-ი და მისი მსგავსი მედია-საშუალებები ამის თაობაზე დაწერდნენ? რუსული პროპაგანდა ამ შემთხვევაზე დაყრდნობით, აწერდა ამ ჯგუფებს შემდეგ ლოზუნგებს ,,საქართველო ქართველებისათვის” და ,,დიდება საქართველოს, სიკვდილი მტრებს” ორიგინალში კი ,,ქართველები საქართველოსათვის” და ,,დიდება საქართველოს”. მსგავსი საინფორმაციო პოლიტიკი გატარებით რუსეთი ზემოქმედებს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე, არამედ ადგილობრივი რუსული მარგინალების მოტივირებას ახდენს, რომლებიც ძლიერად არიან დაკავშირებული ,,რუსული სამყაროს” იდეოლოიასთან და იბრძვიან საქართველოში მითიური ფაშიზმის წინააღმდეგ.
როგორც წესი ამ მოცულობის ტექსტიდან დასკვნის გაკეთების საჭიროებაც არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში დასკვნები ზედმეტია. არსებულ ვითარებაში პრორუსული ძალებისა, ,,რუსული წესრიგის” მიმდევრების და მარგინალების გამოვლენა–ლუსტრაციის აუცილებლობა აშკარაა. არჩევნებამდე საკმარისი დროა იმისათვის, რომ ამ ,,ნარჩენებმა” შეიწოვონ მაქსიმალურად მეტი მასა, რომლის ჩამორეცხვაც ქართული საზოგადოება ერთხელ და საბოლოოდ მოახდენს.
–––––––––––––
ანდრეი ვაჩნაძე სპეციალურად InformNapalm–ისთვის
Original article by Андрiй Вачнадзе
ჩანაწერი ქართულ ენაზე ნათარგმნია InformNapalm–ის მეგობრების, ქართველი ვოლონტიორების მიერ
(CC BY) InformNapalm.org
No Responses to “რუსეთის საყრდენი საქართველოში”